სისხლის სამართალი — სამართლის ერთ-ერთი დარგი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება ითვლება დანაშაულად. ასევე თითოეული დანაშაულისათვის აწესებს შესაბამის სასჯელს.

Constitutio criminalis Carolina (1577)

როგორც პრაქტიკაში, ასევე დოქტრინაში განასხვავებენ მატერიალურ და პროცესუალურ სისხლის სამართალს.

აღსრულების მექანიზმები

თითოეული სამართლის დარგის სიცოცხლისუნარიანობა აღსრულების მექანიზმების ეფექტურობაზეა დამოკიდებული. სისხლის სამართალი სამართლის ის დარგია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები გააჩნია.

სისხლის სამართალს გააჩნია ნორმატიული და ინსტიტუციური აღსრულების მექანიზმები. ნორმატიულ მექანიზმებს შეადგენს პროცესუალური სამართლის კანონმდებლობა, რომელიც მატერიალური სამართლის აღსრულებისთვის აუცილებელ პროცედურებს ადგენს. ხოლო ინსტიტუციებს შეადგენს: პოლიცია, პროკურატურა სასამართლო და პენიტენციური სისტემა.

წყაროები

სისხლის სამართლის წყაროები არცთუ იოლი ცნებაა. საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ მას აქვს ორი ძირითადი წყარო. ესენია: საკანონმდებლო და დოქტრინალური წყაროები. საკანონმდებლო წყარო არის უმაღლესი წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონები, რომლებიც არეგულირებს სისხლის სამართლის საკითხებს. აქედან უმთავრესი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას. სხვა საკანონმდებლო წყაროებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომლებიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის საკითხებს.

სისხლის სამართალი არ არის მხოლოდ კოდექსი და საკანონმდებლო აქტების კრებული, იგი არის მთელი მეცნიერება, თეორიათა კრებული, რომელსაც აქვს თავის მიზანი, კვლევის საგანი, ფუნქციები და თავისი მეთოდები. სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანესი წყაროა მეცნიერ-იურისტთა დისერტაციები, ნაშრომები და თეორიები, რომლებიც ატარებს დოქტრინალურ ხასიათს, ანუ ისინი ვინმესთვის სავალდებულ ხასიათის არმქონეა.