
ძველი ცივილიზაციები ერთმანეთისგან არ ასხვავებდნენ სისხლისა და სამოქალაქო სამართალს. პირველი დაწერილი სამართლის კოდექსები შუმერებმა შექმნეს. დღემდე არსებული აღმოჩენების თანახმად, პირველი დაწერილი კოდექსი მიიღო ურის ნეო-შუმერმა მეფემ ურ-ნამუმ დაახლოებით 2100–2050 წლებში ქრისტეს შობამდე. თუმცა, ცნობილია, რომ მანამდე არსებობდა ლაგაშელი ურუკაგინას კოდექსიც. სხვა უძველეს კოდექსთაგან მნიშვნელოვანია ასევე ხამურაბის კოდექსი, რომელიც ბაბილონის სამართლის ბირთვს შეადგენდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი გაიუსის კომენტარები თორმეტი ტაბულის კანონებზე ერთმანეთში ურევდა სისხლისა და სამოქალაქო სამართალს. სისხლისა და სამოქალაქო სამართლის ერთმანეთისგან გარჩევის პირველი მცდელობა შეიმჩნეოდა ინგლისის ნორმანების მიერ დაპყრობის პერიოდში.
ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, თანამედროვე სისხლის სამართალი ჩაისახა XVIII საუკუნეში, როდესაც ძირითადმა ევროპულმა ქვეყნებმა მიიღეს შესაბამისი საერო კანონმდებლობა და მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად შექმნეს საპოლიციო სისტემები.
პირველი სისხლის სამართლის კოდექსი მიიღო საფრანგეთმა, რომელსაც ნაპოლეონის კოდექსსაც კი უწოდებენ. აქვე აღსანიშნავია გერმანელთა წვლილი ამ საქმეში. ცნობილი მეცნიერი და იურისტი ანსელმ ფოიერბახი მუშაობდა სისხლის სამართლის კოდექსზე, რომელიც ბავარიის კოდექსის სახელითაა ცნობილი.